Popular Posts

Tuesday, May 24, 2011

"ბულემია"– მგლის მადა





"ბულიმია"  ის სიტყვაა, რომელსაც ხშირად ვიყენებთ საკუთარი მადისა თუ უმადობის
აღსანიშნავად, თუმცა ბევრმა არც კი იცის ამ ტერმინის ნამდვილი მნიშვნელობა.

ბულიმია
"ბულიმია" მგლის მადას ნიშნავს. მადის ასეთი უჩვეულო მატება მუდმივიც შეიძლება იყოს და ეპიზოდურიც. ეპიზოდური ბულიმია, რომელსაც მადის სხვადასხვა ხარისხის მატება ახასიათებს

, წესისამებრ, შინაგანი ორგანოების დაავადებასთან არის დაკავშირებული. ეს დაავადებებია:
შაქრიანი დიაბეტი;
ინსულინომა ანუ ინსულინმაპროდუცირებელი სიმსივნე;
ნებისმიერი სხვა პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლოა სისხლში ინსულინის შემცველობამ მოიმატოს;
თირეოტოქსიკოზი;
გასტრიტი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თუ კუჭის მჟავა წვენის წარმოქმნა გაძლიერებულია.

ბულიმიამ შესაძლოა თავი იჩინოს მძიმე ინფექციური დაავადების შემდეგ, გამოჯანსაღების პერიოდში, როცა ორგანიზმი საკვები ნივთიერებების დეფიციტს განიცდის.
როგორც ექიმები აღნიშნავენ, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობების დროს ბულემიის ხარისხი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული - რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ან თირეოტოქსიკოზი, მით უფრო მეტად ძლიერდება მადა.
ბულიმია, რომელიც შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება, განსაკუთრებულ პრობლემას არ ქმნის. მთავარია ძირითადი დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა, რის შედეგადაც პათოლოგიურად გაძლიერებული მადა, სხვა სიმპტომების მსგავსად, სუსტდება და ნორმას უახლოვდება. მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების საგანი მკვეთრი, მუდმივი ბულემიაა. ის შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, ფსიქიკის დარღვევის ან ნევროზის გამოხატულება იყოს. ასეთ ბულემიას ფსიქიკურ დარღვევად განიხილავენ. ავადმყოფს მკვეთრად აქვს მომატებული მადა, აწუხებს დაუძლეველი შიმშილის გრძნობა. ბულიმიით დაავადებული საკვების მიმართ საოცარ ლტოლვას განიცდის. ჭამის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი შეუჩერებლად, უზომოდ და უსასრულოდ ჭამს და აზრადაც არ მოსდის, როგორი იქნება შედეგი. შედეგი კი ასეთია: სიმძიმე კუჭში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სისუსტე, გონის წასვლა, ძილად მივარდნა, სიმძიმე მთელ სხეულში. რაც მთავარია, ჭამის შემდეგ ადამიანს უჩნდება სინდისის ქენჯნა საკუთარი მუცელღმერთობის, უნებისყოფობის, გაუმაძღრობის გამო. ჭარბი საკვებისგან სწრაფად რომ გათავისუფლდეს, ღებინებას იწვევს და საკუთარ თავს სიტყვას აძლევს, რომ ეს აღარ გამეორდება, თუმცა გადის რამდენიმე ხანი, ბულემიით შეპყრობილი ყველაფერს ივიწყებს და კვლავ იწყებს უზომო ჭამას.
ბულიმია უპირატესად ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს ემართებათ. დადგენილია, რომ მათი 4% ბულიმიით არის დაავადებული.
მოზარდთა ბულემია თავდაპირველად არავითარ შეშფოთებას არ იწვევს - გაძლიერებულ მადას უმადობის პერიოდი მოსდევს, რის გამოც პაციენტის წონა არ იცვლება, თუმცა გადის დრო, მადა უფრო და უფრო ძლიერდება და, შესაბამისად, წონაც იმატებს.
მეორე პერიოდი, რომელიც საშიშია ბულემიის აღმოცენების თვალსაზრისით, 25-30 წლის ასაკია. ამ პერიოდში ადამიანი ძლიერ ნერვულ დაძაბულობას და სტრესს განიცდის და თითქოს ცდილობს, უსიამოვნება ჭამაში ჩაახშოს.
ცნობილია, რომ ბულემია ხშირად ემართებათ ქალებს, რომლებიც წონის შესანარჩუნებლად გამუდმებით იცავენ დიეტას.

ბულიმიის ნიშნები
ბულიმია სერიოზული მდგომარეობაა. ის ორგანიზმში ცვლილებათა მთელ წყებას იწვევს, რაც არა მარტო წონის მატებას, არამედ სხვა სიმპტომებსაც განაპირობებს. ბულემიის ძირითადი ნიშნებია:
დეპრესია, საკუთარი თავისადმი დანაშაულისა და ზიზღის განცდა,
თვითკონტროლის უუნარობის შეგრძნება,
მკაცრი თვითკრიტიკა,
ირგვლივ მყოფთაგან ქების მოსმენის მუდმივი სურვილი,
საკუთარ წონაზე მცდარი წარმოდგენა.
ჩამოთვლილ ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ერთად მოსალოდნელია:
სხეულის მასის მკვეთრი მერყეობა (5-10 კილოგრამის მატება და კლება);
დისკომფორტი ყელის არეში;
დაღლილობა და კუნთების ტკივილი;
კბილების კარგვა;
ყბაყურა ჯირკვლების გადიდება.

შიმშილის შეტევისას დაავადებულმა შესაძლოა ორ კილოგრამამდე საკვები მიიღოს. როგორც ვთქვით, დანაშაულის განცდის გამო ავადმყოფი ცდილობს, ღებინების მეშვეობით სასწრაფოდ გათავისუფლდეს მიღებული კალორიებისგან, თუმცა საკვები ნივთიერებების ნახევარი მაინც შეიწოვება, რის გამოც წონის მატება გარდაუვალია.

მკურნალობა აუცილებელია!
ბულემიით შეპყრობილმა უნდა გააცნობიეროს, რამდენად სერიოზულია მისი დაავადება. განსაკუთრებით საშიშია ბულემია, რომელიც წლობით გრძელდება. ხელოვნურად გამოწვეული ღებინება, წონის დაკლების მიზნით შარდმდენების მიღება და გამწმენდი ოყნები საგრძნობლად არყევს პაციენტის ჯანმრთელობას. ღებინებისას კუჭის მჟავა შიგთავსის ხშირი ამოტყორცნა აზიანებს საყლაპავს, ხახას, კბილებს, არღვევს პირის ღრუს ნორმალურ მიკროფლორას, შარდმდენების უკონტროლო მიღება იწვევს ორგანიზმის დეჰიდრატაციას, რაც შესაძლოა თირკმლის დაზიანების მიზეზად იქცეს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბულემიის დროული მკურნალობა მეტად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დაავადების ნიშნების აღმოცენებიდან მკურნალობის დაწყებამდე ხშირად წლები გადის, რადგან ჭამის დაუძლეველ სურვილს პაციენტები ხასიათის სისუსტედ თვლიან და არა დაავადებად.
გახსოვდეთ! ბულემია ავადმყოფობაა, მისი მკურნალობა აუცილებელია. თუ ამჩნევთ, რომ უზომოდ ბევრს ჭამთ, დროულად მიმართეთ ექიმს!
პაციენტის გასინჯვისა და კვლევების მეშვეობით უნდა გამოირიცხოს ბულემიის გამომწვევი დაავადება. თუ ორგანული პათოლოგია, რომელიც მადის მკვეთრ მატებას იწვევს, არ გამოვლინდა, ბულემიის მკურნალობა ფსიქოთერაპევტისაა და ფსიქიატრის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს, ვინაიდან დაავადების ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი სტრესია.



წყარო: mkurnali.ambebi.ge

No comments:

Post a Comment